კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის აქტივისტი ირაკლი მელაძე კასპის გამგებლის მოადგილეს დალი დავითაშვილს, მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო, დასჯაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მელაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დალი დავითაშვილმა დაპირებულ სამსახურში ის მას შემდეგ აღარ მიიღო, როდესაც გამგებლის მოადგილემ სოციალურ ქსელში ირაკლი მელაძე მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებულ ფოტოზე ნახა. კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტი მარეხ ყამბეგაშვილი კი კასპის გამგებელთან ოლეგ იაძესთან დაპირისპირებულია. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: ,,კასპი ტატამია”.

,,დამირეკა დალი დავითაშვილმა, დაწვრილებით გამომკითხა, თუ რა ურთიერთობა მქონდა მარეხ ყამბეგაშილთან. ვიზიარებდი თუ არა მის აზრს, მე განუცხადე, რომ მარეხი ყამბეგიშილთან მქონდა, მხოლოდ, როგორც თანაგუნდელთან ნაცნობობა. ყამბეგაშვილის პოპულარობის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, მასთან ფოტოსურათი გადამეღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში ავტვირთე. იმ დაპირისპირებაში, რომელიც ოლეგ იაძესა და მარეხი ყამბეგაშვილის შორის არჩევნების შემდგომ განვითარდა, არასდროს ჩავრეულვარ. მიუხედავად ამ სიტყვებისა, დავითაშვილმა კაბინეტის დატოვებისაკენ მიმითიდა და განმიცხადა, რომ მის კაბინეტში აღარასდროს შევსულიყავი.” – ამბობს ირაკლი მელაძე.

კასპის გამგებლის მოადგილე დალი დავითაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი მელაძესთან ფოტოსურათის გამო დავა არ ჰქონიდა. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის მიმართ მზრუნველობას იჩენდა. დავითაშვილი ირაკლი მელაძესთან ბოლო საუბრის დეტალებს ასე იხსენებს:

,,მე შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი მელაძე ჩემთვის გამორჩეული იყო. იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს გვერდით იყვნენ, მე პირადად გამოვარჩიე. თუ მას სხვა კუთხით დაელაპარაკებით, უნდა გითხრას, რომ მასთან, მხოლოდ, დედაშვილური ურთიერთობა მქონდა. წინასაარჩევნო პერიოდი გავარიდე კიდეც რაიონიდან, რადგან მასზე დიდი აგრესია იყო პოლიციისგან. ვეპატრონებოდით მე და ოლეგ იაძე, ერთი ორი დღით გავაშორეთ რაიონს, ბოლოს გვითხრა, რომ ჩვენს გვერდით უნდოდა ყოფნა” – ამბობს დალი დავითაშვილი.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, დავითაშვილი ამბობს, რომ მზრუნევლობა მისთვის არ მოუკლიათ.

,,ერთხელ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ საცხოვრებელი სახლის სახურავიდან წყალი ჩადიოდა. ჩვენ იმ პერიოდში ამ მიმართულებით თანხები არ გვქონდა გათვალისწინებული. გადავწყვიტეთ, მისთვის ტელევიზორი გვეჩუქებინა. შეეძლოთ ტელევიზორი გაეყიდათ და შემდეგ ის თანხა სახურავისთვის გამოეყენებინათ. მის დასაქმებაზე მე პირადად ვზრუნავდი. რადგან სათანადო განათლება არ ქონდა, შევთავაზე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დროებით დარაჯად ემუშავა. ამაზე ისეთი აგრესია წამოვიდა მისგან, რომ შემეშინდა. იმ სამსახურში ბინძური ძაღლიც არ გაჩერდებაო, ასეთი ფრაზებით მომმართა. არსებული ვაკანსია სხვას აქტივისტს შევთავაზეთ. როდესაც ამ სამსახურში სხვა გაჭირვებული ადამიანი დავასაქმეთ, მერე უკვე ირაკლისგან აშკარა აგრესია წამოვიდა. ეს ამბავი ჩემს სამუშაო კაბინეტში სხვებთან ერთად მოხდა, შემთხვევით შემოსული მოქალაქეებიც შეესწრნენ ამ ამბავს. რაც შეეხება მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებულ ფოტოს, ერთადერთი რაც ვუთხარი იყო ის, თუ რატომ ჩემთან არ გადაიღო ფოტო. აი, ასე გამოიყენა მან ჩემი დამოკიდებულება” – აცხადებს დალი დავითაშვილი.



ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი