Main » Files » My files

იაძე ასახელებს ,,შიდა მტრებს”
2013-01-12, 5:54 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის განცხადებით მას რაიონში შიდა მტრები ჰყავს, თუმცა ესენი ძალიან ცოტანი არიან. მისი თქმით, რაიონის გამგებლის პოსტისთვის იბრძვის პიროვნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, კონკრეტულად მინისტრის უახლოესი ნათესავია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ საუბარია ირაკლი ალასანიას ნათესავზე გიორგი ბესტავაშვილზე. თუმცა ოლეგ იაძე ამ პიროვნების სახელსა და გვარს საჯაროდ არ ასახელებს. ,,ეს არის ძალიან ცუდი პიროვნება, მთელმა კასპმა იცის” – ამბობს იაძე.

საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გოჩა გოგოლაურს სმენია, რომ რაიონის გამგებლის პოსტი გიორგი ბესტავაშვილს სურს. თუმცა მანაც და მისმა თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა დაზუსტებით არ იციან, ნამდვილად, ბესტავაშვილი იგულისხმა თუ არა იაძემ. საკრებულო ის ორგანოა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს. მესროფაშვილის თქმით, უახლოეს ერთ წელიწადში ოლეგ იაძის შეცვლას არ აპირებენ.

იაძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსნის სახელით მოქმედ კასპელ პიროვნებას, საკრებულოში, კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი ეხმარება, რაც ინტრიგების ხლართვაში გამოიხატება. საკრებულოში იაძის ერთადერთი თანაკოალიციელი ხათუნა თათანაშვილია. იაძე ადასტურებს, რომ ეს პიროვნება ხათუნა თათანაშვილია.

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელის” თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი ამბობს, რომ ოლეგ იაძეს კოალიციიდან არავინ ებრძვის. მისი თქმით, ის ვინც ოლეგ იაძეს ებრძვის, არის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” დროებით ყოფილი წევრია.

გაირკვა, რომ ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” იაძის არჩევის დროს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ. ოლეგ იაძე წუხს, რომ გამგებლად მისი არჩევის დროს თანაკოალიციელები საკრებულოს სხდომას არ დაესწრნენ და ეს მიზანმიმართულად განხორციელდა.

,,მე დავით მესროფაშვილი არ მებრძვის, მე მებრძვიან ჩემივე თანაპარტიელები. ერთს გამგებლობა სურს, რომელიც რაიონში უავტორიტეტო პიროვნებაა, ხოლო ინტრიგების ხლართვაში მას ასევე ჩემი თანაკოალიციელი ეხმარება საკრებულოდან” – ამბობს იაძე.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანში ხათუნა თათანაშვილი იგულისხმება. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, იაძეს თქმით, თუ ის კვლავაც მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორებას გააგრძელებს, პოლიტიკურ გამკლავებას შეძლებს.

გამგებელმა საუბარში გაიხსენა, რომ პიროვნება, რომელიც მაღალჩინოსნის სახელით ებრძვის, კასპის პოლიციის ყოფილ უფროსს მალხაზ ბარნოვს ლობირებს. ,,მალხაზ ბარნოვი, რომელიც გვატერორებდა და ჩემს აქტივისტებს არბევდა, ცემდა და დევნიდა, უნდა დაენიშნათ ერთ-ერთ ძალოვან სამინისტროში. მე დავურეკე მინისტრს, ჩავაყენე საქმის კურსში და ვთხოვე გარკვეულიყო ამ საკითხში. ეს მინისტრი ძალიან კარგი პიროვნებაა, ის შეცდომაში შეჰყავდა გარკვეულ პიროვნებას კასპში და როდესაც გაიგო ვიზე იყო საუბარი, ბარნოვის კანდიდატურა ჩავარდა. ამის შემდეგ, ეს დაჯგუფება, რომელიც უავტორიტეტოა კასპში, ყველანაირაც ცდილობს ჩემს მოშორებას. მათ მიზნად დაისახეს, რომ ოლეგ იაძე აღარ იყოს გამგებელი. ჩემს წინააღმდეგ ამხედრებენ სხვადასხვა პიროვნებებს, ისევ ჩვენს აქტივისტებს. აძლევენ ინტერვიუებს ჟურნალისტებს, ჩადიან სათაო ოფისში და მიჩივიან. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კასპი და კასპის რაიონი ამ ადამიანების ხელში აღარ ჩავარდეს” – განაცხადა ოლეგ იაძემ.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 733 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა