Main » Files » My files

,,არ დავლიე სტალინის სადღეგრძელო და გამათავისუფლეს”
2013-02-07, 8:38 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი რევაზ მერებაშვილი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან სუფრაზე სტალინის სადღეგრძელო არ დალია. ამის შესახებ რევაზ მერებაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მის გათავისუფლებას შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას. მერებაშვილი და ბარნოვი ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან, ხოლო კასპის ამჟამინდელი გამგებელი ოლეგ იაძე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი.

რევაზ მერებაშვილი ამბობს, რომ სუფრაზე, რომელიც ნიკოლოზობის დღესასწაულზე გაიშალა, ესწრებოდა კასპის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კონსტანტინე ლაფერაშვილი. აღნიშნულ სუფრაზე საქართველოს გმირების სადღეგრძელო შეისვა სტალინის თამადობით.

,,მე ეს გავაპროტესტე და ვთქვი, რომ არ შეიძლება ამ ადამიანის სადღეგრძელოს დალევა. ჩემთვის სტალინის და კომუნიზმის ფასეულობები მიუღებელია. გადავწყვიტე დამელია კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის კახა ხაჩირაშვილის და მისი ყოფილი მოადგილის ნუგზარ ნონიაშვილის სადღეგრძელო, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა კასპის რაიონისთვის ბევრი რამ გააკეთეს. მაგალითად, მოაწესრიგეს ინფრასტრუქტურა, მათ ხელში დაიგო ასფალტი. ისინი მაგალითს აძლევდნენ სხვებს და სახურავების გადახურვაში უშუალოდ თვითონ მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. მომდევნო დღეებში მე წავედი საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე. არც ეს მოეწონათ. შემდეგ ვაქტიურობდი სოციალურ ქსელებში და საბოლოოდ 29 დეკემბერს ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე სამსახური” – ამბობს რევაზ მერებაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი ოლეგ იაძე აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს: ,,რაც უნდა ის თქვან, მე კომენტარს არ ვაკეთებ” – გვითხრა ოლეგ იაძემ.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 606 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა