Main » Files » My files

დაკავებულია კასპის საკრებულოს წევრი
2012-12-10, 11:29 PM


გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა პოლიციის მიერ დაკავებულ გრიგოლ გოცირიძეს (კასპის საკრებულოს წევრს და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორს) აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარი შეუფარდა. ეს თანხა პროკურორმა კახა მურადაშვილმა მოითხოვა. როგორც Qartli.ge წერდა, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გრიგოლ გოცირიძე სოფელ ოკამთან დააკავეს, რომელსაც ბრალი 2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, სადაც გრიგოლ გოცირიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილებოდა, პროკურორმა გირაოს გამოყენების მოტივებზე ისაუბრა. ,,ის არ მიემალება გამოძიებას, არ შეუშლის ხელს საქმის წარმოებას და დახასიათებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს 15 დღის განმავლობაში” – აღნიშნა მურადაშვილმა.

პროკურორის დაყენებულ შუამდგომლობას ადვოკატი ნოდარ ცინცაძეც დაეთანხმა, ოღონდ გირაოს გადახდის ვადად, ნაცვლად პროკურორის მიერ დასახელებულ 15 დღისა, ერთ თვიანი ვადა მოითხოვა.

,,გირაოს სახით ვაპირებთ გარკვეული ქონების ჩადებას, რომლის განხორციელებისთვის გარკვეული ვადა გვჭირდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ მხრივ გარკვეული საკითხები აქვს მოსაგვარებელი, კერძოდ, ბანკთან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების მოგვარებისთვის 40 დღე იქნება საჭირო” – განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. გრიგოლ გოცირიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარი შეუფარდა, რომლის გადახდა ან ამ ფასად ქონების ჩადება 15 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

როგორც ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოლოგიური შემოწმებაc ჩაუტარდა, თუმცა შემოწმების შედეგად სისხლში აღმოჩენილი ნივთიერებები, ცინცაძის თქმით, მკურნალობასთანაა დაკავშირებული.

,,შემიძლია გითხრათ, რომ ის გარკვეული სახის მკურნალობას გადის, შესაძლოა მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერებები ამ მკურნალობას უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე ძიებას აქვს იმის დრო, რომ ეს ყველაფერი გაირკვეს. წარდგენილ ბრალდებაშიც ჩვენი სრული პოზიცია მხოლოდ ძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი” – განმარტა ადვოკატმა.

პროკურორ კახა მურადაშვილის განცხადებით, გრიგოლ გოცირიძე დაკავებულ იქნა კასპის რაიონის სოფელ ოკამთან, რომელსაც ქურთუკის უბეში 0,0004 გრამი დეზომორფინის შემცველი ხსნარი აღმოუჩინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს.

გრიგოლ გოცირიძე 10 დეკემბერს, ბრალის წარდგენის შემდეგ, გაათავისუფლეს და პროცესზე დაკავებულის სტატუსის გარეშე წარადგინეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 830 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა