Main » Files » My files

გამომძიებლები კასპის საკრებულოს ხელმძღვანელთან გამოჩნდნენ
2013-02-13, 2:34 PM

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა დააფიქსირა, რომ 11 თებერვალს კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი შენობიდან გამომძიებლების თანხლებით გამოვიდა. რა საქმე ჰქონდათ სამართალდამცავებს მასთან, მესროფაშვილი არ საუბრობს.

კასპის საკრებულოს ფრაქია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელის” წევრის ხათუნა თათანაშვილის თქმით, გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილით, მართლაც, დაინტერესდა. მისი ინფორმაციით, მესროფაშვილის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში უახლოეს ხანებში გადავა.

ხათუნა თათანაშვილმა პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართა. ის დავით მესროფაშვილს ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, თათანაშვილი კანონდარღვევად მიიჩნევს იმას, რომ საკრებულოს მიერ გუბერნატორზე გადაცემული მანქანა მუნიციპალიტეტს დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა. მესროფაშვილის განცხადებით, გუბერნატორმა მანქანა მუნიციპალიტეტს კარგ მდგომარეობაში დაუბრუნა.

ამავე საკრებულოს წევრი ფრაქცია ,,დამოუკიდებლებიდან” ზაზა უზნაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. თუ მესროფაშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს, უზნაძე საკრებულოს საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს:

,,საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდა ხათუნა თათანაშვილს. მე გპირდებით, რომ თუკი მესროფაშვილი გადადგება, მე ვიყრი კენჭს და საკრებულოს უმრავლესობა მე დამიჭერს მხარს, და არა ხათუნა თათანაშვილს” – აცხადებს უზნაძე.

საკრებულოს წევრი დემეტრაშვილი ამბობს, რომ საკრებულოში ფრაქცია ,,ქართულ ოცნება – რესპუბლიკელებს” მხოლოდ 4 მხარდამჭერი ჰყავს. საკრებულო 31 კაცისგან შედგება.

ხათუნა თათანაშვილი ამბობს, რომ კასპში ორხელისუფლებიანობა უნდა დასრულდეს. ,,იცით, რომ კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრია, ხოლო გამგებელი – კოალიცია ,,ქართული ოცნება”-ს წევრი. ეს ორხელისუფლებიანობა რაიონის განვითარებას ხელს უშლის. იმისათვის, რომ რაიონი დაწყნარდეს, საკრებულოს ეს კორუმპირებული რგოლიც უნდა მოისპოს” – აცხადებს თათანაშვილი.

11 თებერვალს კასპში მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილიც იმყოფებოდა. ის საკრებულოს წევრებს შეხვდა, მაგრამ ჩვენთან საუბარში საკადრო საკითხებზე საუბარს უარყოფს. ,,ძირითადად, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე ვისაუბრეთ” – ირწმუნება პარლამენტარი ონოფრიშვილი.

გამოძიებას კითხვები კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის გოჩა გოგოლაურის მიმართაც აქვს, თუმცა ეს კითხვები 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გაჩნდა. გორის რაიონული სასამართლოდან მიღებული პასუხით ვიგებთ, რომ გოჩა გოგოლაურის და სხვათა მიმართ დაწყებული არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. გოჩა გოგოლაური დეტალებზე საუბარს გაურბის, სასამართლო კი, მხარეების ნებართვის გარეშე, საქმის მასალებს არ გვაცნობს.

ასეა თუ ისე, საკრებულოს ,,ნაციონალ წევრებს” საფიქრებელი მართლაც აქვთ. თავმჯდომარე მესროფაშვილი ირწმუნება, რომ ყველაფრის მიუხედავად ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელის” წევრი ხათუნა თათანაშვილი მის პოსტს მაინც ვერ დაიკავეს. გადადგომის შემთხვევაში კი ფრაქცია ,,დამოუკიდებელის” თავმჯდომარე ზაზა უზნაძე მზადაა საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 657 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა