Main » Files » My files

კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება
2013-01-25, 3:23 PM

,,კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება” – ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს კასპის რაიონის სოფლების ქვემო ჭალის და წინარეხიდან აცნობეს. ეს ის სოფლებია, სადაც კასპის გამგებლის ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მოშიმშილე 6 აქტივისტი ცხოვრობს. მარეხ ყამბეგაშვილი, თინა გახელაძე და ლია ოღაძე – სოფელ ქვემო ჭალადან არიან, ხოლო ნინო და ნელი მამასახლისები – სოფელ წინარეხიდან. აღნიშნულ სოფლებში აქციები მათ წინააღმდეგ იგეგმება.

,,თუ რაიმე საფრთხე შეექმნება გამგებლის სკამს, ხალხის გამოყვანა მაშინ ნახონ” – ასეთი განცხადება გამგებელმა ოლეგ იაძემ გუშინ 23 იანვარს გააკეთა. როგორც ვწერდით, 23 იანვარს კასპის საკრებულოს შენობაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი სცემეს. სხდომას 40-მდე ,,ქართული ოცნების” აქტივისტი ესწრებოდა. მათსა და მესროფაშვილს შორის სიტყვიერი კამათი გაიმართა. თავმჯდომარის ცემის ფაქტზე დააკავეს ,,ქართული ოცნების” აქტივისტი ვახტანგ პაპაშვილი, რომელიც გვიან ღამით გაათავისუფლეს. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

,,ქართული ოცნების” აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასთან ერთად ოლეგ იაძის გადადგომას ითხოვენ. ოლეგ იაძე, ამავე დროს, კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრია. იაძის თქმით, ამ პროცესების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომელთა შორის ერთს რაიონის გამგებლობა უნდა, მეორეს – კასპის საკრებულოს თავმჯდომარეობა.

კასპის გამგებლის პოსტზე გიორგი ბესტავაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას უახლოესი ნათესავი მოიაზრება. ბესტავაშვილთან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ცალკე ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ვრცელ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ბესტავაშვილი ამბობს, რომ ვიდრე გამგებლად იაძეს აირჩევდნენ, მართლაც იყო საუბარი მის დანიშვნაზე: ,,ამ ეტაპზე, როდესაც იაძეა დანიშნული გამგებლად, მე კულუარულადაც არ მიბრძოლია ამ სკამისთვის” – ირწმუნება ბესტავაშვილი. რა გეგმები აქვს იაძის წინააღმდეგ, ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ.

იაძემ, ერთი თვის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ ის გამგებლის პოსტიდან იმ შემთვევაში გადადგება, თუკი მოშიმშილე ქალბატონები თავიანთ სოფლებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის მიზანი ოლეგ იაძის გადადგომაა: ,,ჩვენ აღარ ვითხოვთ სოფლის გამგებლებლად ჩვენი კანდიდატურის დაყენებას, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც ნაძირალები და უნამუსოები გვიწოდა, გადადგეს თანამდებობიდან” – აცხადებს ლია ოღაძე. მათ შიმშილობა 19 იანვარს შეწყვიტეს.

ოლეგ იაძე ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები, სწორედ, მათგან მოდის, რომელსაც გარკვეული ადამიანები მართავენ: ,,მიწოდებენ გონებაჩლუნგს, გაუნათლებელს, ყველაფერს კადრულობენ. დაე იკავკავონ, იყბედონ, ვითომ იშიმშილონ და თუ რაიმეს მიაღწევენ, ხალხის გამოყვანა მაშინ ნახონ. ეგენი მაგ რაოდენობას ვერ ასცდებიან” – განაცხადა გამგებელმა.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 589 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა