Main » Files » My files

,,კოალიციამ გადაწყვიტა კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ თავიანთი კადრი დაინიშნოს”
2013-02-18, 7:23 PM

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ზერეკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად ზერეკიძე ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ასახელებს. მას შემდეგ, რაც კოალიცია ,,ქართული ოცნების” საკოორდინაციო საბჭომ, ერთხმად, საკრებულოს თავმჯდომარედ ხათუნა თათანაშვილის დანიშვნას დაუჭირა მხარი, მიხეილ ზერეკიძე საკრებულოს უმრავლესობისთვის არასასურველი კოლეგა გახდა, რადგან ის საკოორდინაციო საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. ,,მხოლოდ, ამის შემდეგ დაიწყო ჩემს ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.” – აცხადებს ზერეკიძე.

ფრაქცია ,,დამოუკიდებლების” ხელმძღვანელი ზაზა უნაძე აცხადებს, რომ დაუშვებელია, კოალიცია ,,ქართული ოცნება” ან სხვა ნებისმიერი პარტია, წყვეტდეს, თუ ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარედ. თუკი მოქმედი თავმჯდომარე გადადგებაა, უზნაძე მზადაა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს და ხათუნა თათანაშვილის გასვლას ხელი შეუშალოს.

მიხეილ ზერეკიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ღიად აცხადებს, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების” საკოორდინაციო საბჭოში საკრებულოს საქმეები დეტალურად განიხილეს:

,,დაახლოებით ერთი კვირის წინ, კოალიციის საკოორდინაციო საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ ხათუნა თათანაშვილის დანიშვნისთვის დაეჭირა მხარი. მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმე. მართალია, მე ამ საკრებულოში, 2010 წელს, ნაციონალური მოძრაობის სახელით მოვედი, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავტოვე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” და შევუერთდი კოალიციას. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. დღევანდელი საკრებულო დაკომპლექტებულია ძირითადად ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებით. შესაბამისად, ჩემი ნაბიჯი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიუღებელი აღმოჩნდა ასევე ის, რომ მე მხარს ვუჭერ ხათუნა თათანაშვილის კანდიდატურას საკრებულოში” – აცხადებს მიხეილ ზერეკიძე.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობიდან გადამდგარი ზერეკიძე იმასაც აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები რაიონის გამგებლის ოლეგ იაძის სამუშაო კაბინეტში დაიბარეს, სადაც იმყოფებოდნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირები – საკრებულოს თავმდჯომარე, მისი მოადგილეები და სხვა წევრები. ,,პირდაპირ უთხრეს მამაჩემს, რომ თუ მე არ გავჩერდებოდი და არ შევეშვებოდი ჩემი პოზიციის დაფიქსირებას, პრობლემები შემექმნებოდა” – ამბობს ზერეკიძე.

რაიონის გამგებელი ოლეგ იაძე პასუხობს, რომ მიხეილ ზერეკიძის ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს: ,,რასაც ამბობს, არის სისულელე, თუ ვინმე რამე ზეწოლას ახდენდა, მიმართოს შესაბამის სამსახურებს და დამტკიცების შემთხვევაში პასუხს ვაგებ. იცით თქვენ, რომ ეგ ჩემი ნათესავია?” – ამბობს ოლეგ იაძე.

მიხეილ ზერეკიძე ადასტურებს, რომ ის ოლეგ იაძის ადგილზე მოაზრებული გიორგი ბესტავაშვილის ახლომეგობარია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ რაიონის გამგებელი ოლეგ იაძე გიორგი ბესტავაშვილს მის წინააღმდეგ ხალხის გამოყენებაში სდებს ბრალს: ,,ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავს სურს გამგებლობა.” – ამბობს ოლეგ იაძე. შემდეგ დაკონკრეტდა, რომ ეს ირაკლი ალასანიას დეიდაშვილი გიორგი ბესტავაშვილი იყო.

მიხეილ ზერეკიძე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების უმრავლესობა, მხარს ოლეგ იაძეს უჭერს, რომელმაც კოალიცია ,,ქართული ოცნებაში” შემავალი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” უკვე დატოვა. ის მიიჩნევს, რომ კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ ხათუნა თათანაშვილი უნდა დაინიშნოს.

საკრებულოს წევრი ლევან დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია ,,ქართულ ოცნება – რესპუბლიკელებს” საკრებულოში მხოლოდ 4 მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, ხათუნა თათანაშვილს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა გაუჭირდება. ხათუნა თათანაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრები წნეხის ქვეშ არიან.

,,ისინი მზად არიან საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს უნდობლობა გამოუცხადონ, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორების გამო ამას ვერ ბედავენ. ისინი გამუდმებით ხვდებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, გუბერნატორს, შეხვედრები აქვთ მათთან და ცდილობენ ხელიდან არ გაექცეთ. ერთადერთი კორუფციული რგოლო კასპში დარჩენილია კასპის საკრებულოს ხელმძღანელობის სახით. შექმნილია ორხელისუფლებიანობა. გამგებელი არის კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე – ნაციონალური მოძრაობის წევრი. ნაციონალები საბოტაჟს ქმნიან რაიონში და შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა.” – აცხადებს ხათუნა თათანაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ირწმუნება, რომ ხათუნა თათანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ვერასოდეს გახდება. ეს სიტყვები მან თათანაშვილს სხდომაზევე განუცხადა: ,,ხათუნა, შენ ვერასოდეს გახდები საკრებულოს თავმჯდომარე, ეს იცოდეს შენმა რესპუბლიკელებმა რა, ეს იცოდე შენა რა” – ამბობდა მესროფაშვილი.

საინტერესოა ის გარემოება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე, ასევე, არ მიესალმება კასპის საკრებულოში ხათუნა თათანაშვილის აქტიურობას. იაძის თქმით, თათანაშვილის ფრაქციამ მის არჩევას მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, მის ოპოზიციონერობაში ეჭვი ეპარება. იაძე მოითხოვდა, რომ ეს საკითხი კოალიცია ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში სათანადოდ განხილულიყო. როდესაც ხათუნა თათანაშვილს სხდომაზე ეს ამბავი გაუხსენეს, მან თქვა, რომ ეს კოალიცია ,,ქართული ოცნების” შიდა საქმეა.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 624 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა