Main » Files » My files

კასპში მთავარი ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
2012-12-12, 4:47 PM

არჩევნების წინა პერიოდში დაკავებული კასპის ,,ავერსის” კლინიკის ხელმძღვანელი ბეგი თათრიშვილი, საპატრიარქოს შუამდგომლობით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი დაკავება წმინდა პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა.

ბეგი თათრიშვილის შვილი ამირან თათრიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამჟამინდელ კასპის მაჟორიტარის დავით ონოფრიშვილის შეხვედრაზე მთავარი ექიმი პირადად მივიდა და მიესალმა. გარდა ამისა, მთავარმა ექიმმა თავისი თანამშრომლები პრეზიდენტთან დასახვედრად ძალდატანებით არ გაამზადა, ხოლო ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ,,კასპიცემენტის” ქარხანასთან გამართული აქციის ხელშეწყობის მიზნით, ფილტვებით დაავადებული ადამიანების სტატისტიკა გადასცა.

ცოტა ხანში ბეგი თათრიშვილს იმ ტრანსფორმატორის ქურდობა დააბრალეს, რომელიც საავადმყოფოს ბალანსზე არ იყო და ,,ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენლებმა წაიღეს. დააკავეს ,,ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენელი გია მერებაშვილი და კობა წიკლაური.

,,ტრანსფორმატორი, რომლის ქურდობაშიც ბრალი დამდეს, ჩემს დაკავებამდე სახელმწიფოს ბალანსზე არ იყო. ის კერძო პირმა 90-იან წლებში საავადმყოფოს გადასცა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე არამუშა მდგომარეობაში იდო. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არც ენერგო-პროჯორჯიას ეკუთვნოდა, არც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. ბრალის წაყენების შემდეგ სამართალდამცავებს დავუსვი კითხვა, თუ ვის ქონებაზე მედავებოდნენ. მხოლოდ მაშინ დაიწყეს ძიება მესაკუთრეს დასადგენად. ჩემი დაკავების მთავარი მოტივი ჩემი შვილის ამირან თათრიშვილის ოპოზიციურ პარტიაში აქტიურობა იყო.” – გვითხრა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მთავარმა ექიმმა.

საქმის ვითარების მიხედვით, ,,ენერგოპროჯორჯიას” თანამშრომელი ბეგი თათრიშვილთან მივიდა და ტრანსფორმატორის წაღება სთხოვა. თათრიშვილმა უპასუხა, რომ ტრანსფორმატორი საავადმყოფოს ბალანსზე არ იმყოფებოდა და მის განკარგვაზე პასუხს არ აგებდა. ტრანსფორმატორი წაიღეს, ხოლო ცოტა ხანში სახელმწიფო ქონების ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ბეგიშვილი და ,,ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენელი დააკავეს.

,,თავდაპირველად, ,,ქართული ოცნების” აქციების ხელშეწყობისათვის დამადანაშაულეს, თუ რატომ გადავეცი ფილტვებით დაავადებულთა სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ეს მონაცემები ოპოზიციამ გამოიყენა.სტატისტიკა საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს. დეტალებში გამაცნეს ჩემსა და ჩემს შვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრებიც, ,,ქართული ოცნების” აქციაზე მისვლის დრო და იქ განვითარებული მოვლენები. გლდანის ციხეში მიყვანისთანავე ხელმძღვანელობამ ცინიკური ტონით მომმართა, ,,ქართული ოცნების” მაისურის ჩაცმა ხომ არ მსურდა. მათ ჩემი დისკრედიტაცია სურდათ.” – იხსენებს ბეგიშვილი.

თათრიშვილი, ასევე, კასპის მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობის დავალებასაც იხსენებს, როდესაც გორში 1 სექტემბერს პრეზიდენტთან შესახვედრად კლინიკაში მომუშავე პერსონალის მობილიზება დაავალეს. ძალდატანებით თანამშრომლების წაყვანაზე თათრიშვილმა რაიონის ხელმძღვანელობას უარი განუცხადა და მხოლოდ ნებაყოფლობით წამსვლელთა სია წარუდგინა.

დაკავებისას სამართალდამცველებმა მტკიცებულებად გიორგი მერებაშილის მიერ ფარული კამერით გადაღებული ვიდეო-კადრები წარადგინეს. ფარულ ჩანაწერში მერებაშვილი თათრიშვილს ტრანსპორმატორის შეკეთებას და საავადმყოფოდან წაღებას სთავაზობს. მერებაშვილი ამ დროისათვის გლდანის დაწესებულებაში რჩება, ხოლო საქმეში მონაწილე კობა წიკლაური თათრიშვილთან ერთად გაათავისუფლეს.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 868 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა