Main » Files » My files

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლის გასაჭირი
2012-12-18, 4:44 PM

კასპში მცხოვრები ირმა მელაძე სოციალურად დაუცველია, მისი მეუღლე კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელია, რომელსაც კასპის ქუჩებიდან ნარჩენები გააქვს. კეთილმოწყობის სამსახურიდან ანაზღაურება დაგვიანებით ხდება. არა და, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე დასაქმებულ მუშებს ნაგვის გატანა ცარიელი ხელებით და ნიჩბებით უწევთ. დღეს რომ ქუჩები გაწმენდილია, მათი დამსახურებაა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მათი სოციალური მდგომარეობით დაინტესდა.

სოციალური დახმარების და კეთილმოწყობის სამსახურიდან მიღებული შემოსავლის საერთო ჯამი ოჯახში 300 ლარს აღწევს. აქედან 100 ლარი ბინის ქირაში მიდის, დანარჩენი თანხა კი მაღაზიის ვალებში და სხვა კომუნალურ გადასახადებში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კეთილმოწყობის სამსახურიდან ანაზღაურება ყოველთვის არ გაიცემა, ირმა მელაძეს შვილების რჩენა უჭირს.

,,რამდენიმე ხნის წინ უფასო სასადილოში მივედი და ასე მითხრეს, თქვენი ადგილი არა გვაქვსო. ლიმიტი 100 კაცის ყოფილა და რიგში ჩამაყენეს. შესაძლოა, 1 იანვრიდან ადგილი გამოჩნდესო. კეთილმოწყობის სამსახურიდან ანაზღაურება ყოველთვის არ ხდება. ხელფასის აღება მუდმივად პრობლემაა. გამოწერილი თუ აქვს 240 ლარი, ვიღებთ 205 ლარს ან 215 ლარს. ხანდახან თვეები გადის, არ იძლევიან. მთელი ეს ჩვენი შემოსავალი იხარჯება ბინის ქირაში, მაღაზიებიდან ვალების გადახდაში ა.შ.” – ამბობს ირმა მელაძე.

ნაქირავებ ბინაში გათბობა არ არის. მცირე შემოსავლით შეშის ყიდვა ვერ მოახერხეს. ბავშვები სკოლაში ვერ წავიდნენ, არც თბილი ტანსაცმელი აქვთ და საკვებიც ნორმალური არ ჭამეს. უფროსი შვილი ეკლესიაში ჩადის, იქ მოძღვრები ეხმარებიან და მრევლიც ყურადღებას აქცევს. პატარა შვილი კი გაციებულია. დედ-მამამ სამკურნალო წამლები ვერ უშოვა.

ცოლ-ქმარი გორის რაიონიდან კასპში გადასახლდა. ოჯახური კონფლიქტის გამო მამამთილმა სახლი სხვა შვილს დაუმტკიცა. ირმა მელაძემ მეუღლესთან ერთად კასპში ქირით დაიწყო ცხოვრება.

,,ქირის გადასახდელად ამ სახლის პატრონს ბარვაში ვეხმარებოდით. ახლა ამინდები აირია და ამას ვეღარ ვაკეთებთ. წუხელ დამირეკა პატრონმა, დამიცალეთ სახლი, სხვას უნდა მივაქირავოო. კლიენტი გამოუჩნდა. ეს რომ მითხრა, ხელები ამიკანკალდა და ცუდად გავხდი. თითქმის ყოველდღე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება მიწევს.” – ამბობს ირმა მელაძე.




ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
Category: My files | Added by: premiertv
Views: 705 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა