Main » Files » My files

ოლეგ იაძე: ,,კასპის გამგებლად მე მოვიაზრები”
2012-11-22, 5:24 PM

კასპის საკრებულოში გამგებლის გადაყენების მოთხოვნით დანიშნული სხდომა ჩაიშალა. დილის ათის ნახევარზე დაბარებული დეპუტატებიდან, მხოლოდ, 5 წევრი გამოცხადდა. 2012 წლის 22 ნოემბერს მოწვეული რიგგარეშე სხდომის ერთადერთი საკითხი გამგებელ კახა ხაჩირაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას უნდა უნდა ყოფილიყო. სხდომაზე დასასწრებად ქუთასისის პარლამენტიდან სპეციალურად კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი დავით ბერძენიშვილიც ჩავიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კასპის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა 22 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგად გამგებლის გადაყენების საკითხის შეტანა მოითხოვა. ეს წერილობითი მოთხოვნა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 21 ნოემბერს გამოაქვეყნა. მიუხედავად მოთხოვნისა, დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატები 22 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კასპის საკრებულოს წევრი მანუჩარ ბერიანიძე გვეუბნება, რომ კასპის საკრებულოში ქვორუმი ყოველთვის არსებობდა. ,,რა მოხდა დღეს და რატომ არ გამოცხადდნენ დეპუტატები, ჩემთვის უცნობია” – ამბობს ბერიანიძე. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, 21 ნოემბერს, საღამოს, კასპის გამგებლის კახა ხაჩირაშვილის ბიძასთან ვაჟა აფციაურთან საკრებულოს დეპუტატებს საიდუმლო თათბირი ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ კასპის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატები ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ამავე საკრებულოს წევრის კახა გახელაძის არჩევას აპირებდნენ. კახა გახელაძე ფრაქცია ,,ნაციონალების” ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება სულ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კახა გახელაძე, თავის მხრივ, კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის შტაბის უფროსის ოლეგ იაძის ნათესავია. ,,ვადასტურებ, რომ გახელაძე ჩემი ნათესავია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კახა გახელაძეს გუშინ მე თვითონ ვთხოვე, რომ არ გამოცხადებულიყო სხდომაზე და თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოეხსნა” – ამბობს ოლეგ იაძე ჩვენთან საუბარში. იაძე ჩვენთან საუბარში იმასაც ადასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ კახა გახელაძის კანდიდატურის დასახელება იგეგმებოდა. 21 ნოემბერს ამავე საკრებულოს წევრმა, რესპუბლიკელმა ხათუნა თათანაშვილმა სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება გაასაჯაროვა. ქვემო ჭალელები გახელაძეს სოფლის მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ. გახელაძე ქვემო ჭალის წარმომადგენელია საკრებულოში. ხათუნა თათანაშვილის თქმით, 22 ნოემბრის სხდომაზე, ამ კოლექტიური განცხადების გამოქვეყნებას და მის განხილვასაც აპირებდა. შესაბამისად, თათანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გახელაძის დანიშვნას აპროტესტებს. კოალიცია ,,ქართული ოცნების” რესპუბლიკური ფრთა კასპის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ხათუნა თათანაშვილის დანიშვნის მომხრეა. პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი კასპში, სწორედ, ხათუნა თათანაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა. ფაქტია, რომ 22 ნოემბრის მდგომარეობით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მესროფაშვილი რჩება. არსებობს ვერსია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ხაჩირაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას თავად დაწერს. ამ ეტაპზე გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჯინიყაშვილი გვეუბნება, რომ განცხადება არა თუ გამგებელს, არც ერთ თანამშრომელს აქვს დაწერილი. აპირებს თუ არა ხაჩირაშვილი საკუთარი ნებით წასვლას, ამის გადამოწმება ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ. ის სამუშაო ადგილზე არ იმყოფება, ხოლო ტელეფონის ნომერი გამორთული აქვს. ,,სავარაუდოდ, მეორე სხდომაზე საუბარი იქნება გამგებლის არჩევაზე. გამგებლად შემიძლია გითხრათ, რომ მე მოვიაზრები” – აცხადებს ოლეგ იაძე.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 671 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა