Main » Files » My files

ოლეგ იაძე: ,,მე გადავდგები მაშინ, როცა ეს ქალბატონები საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ”
2013-01-16, 5:08 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და განუცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. იაძემ თანამშრომლები დაარწმუნა, რომ გავრცელებული ჭორები მას ვერაფერს დააკლებს. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა რწმუნებულებს პარტიის სათაო ოფისში გამართული შეხვედრის დეტალებზეც ესაუბრა.

,,კასპში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტიის სათაო ოფისში გვქონდა საუბარი, მართალია, არასასიამოვნო, მაგრამ იყო საუბარი. იყო შენიშვნა, რომ ჟურნალისტებთან ინტერვიუები მიმეცა, მხოლოდ, მიმდინარე პროექტებზე, მაგრამ ვთვლი, რომ რაც ვუთხარი ჟურნალისტებს, ეს საჭირო იყო. მე გადადგომას არ ვაპირებ და შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ მუშაობა” – განუცხადა რწმუნებულებს იაძემ.

ამასობაში ოლეგ იაძეს მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ამავე დროს ისინიც კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან, კასპის გამგეობის შენობაში შიმშილობა დაიწყეს. სამი მათგანი სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრნი არიან, ორი – სოფელ წინარეხიდან, ერთი კი – სოფელ მეტეხიდან. ყველა მათგანი მანდილოსანია.

16 იანვარს დილის საათებში კასპის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ გამგეობის შენობა ძალით დაატოვებინეს. მოშიმშილეები აცხადებენ, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ სამსახურის უფროსმა ლევან თაბორიძემ მიაყენა. ექსპერტიზის ასაღებად საავადმყოფოში მივიდნენ. ფაქტზე კასპის შს სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.

ოლეგ იაძე აცხადებს, რომ პროცესი გარკვეული პიროვნებების მიერ მართულია. მან ქართლი.ჯი-ს ჟურნალისტთან პირობა დადო, თუ თუკი ეს ქალბატონები საკუთარ სოფლებში ჩატარებულ არჩევნებზე გაიმარჯვებენ მაშინ გადადგება:

,,ქვემო ჭალაში გვინდოდა სოფლის რწმუნებულის შეცვლა. ბატონმა დავით ონოფრიშვილმა დაურეკა ამ ქალბატონებს და უთხრა, რომ ცვლის სოფლის რწმუნებულს. მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთო სოფლის ხელმძღვანელებიო. მე პირობას გაძლევთ. მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ამ ქალბატონებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. თუ ისინი საკუთარ სოფლებში გაიმარჯვებენ, მე მაშინვე გადავდგები, ამის პირობას გაძლევთ და ბოდიშსაც კი მოვუხდი მათ, რომ ვერ დავაფასე” – განაცხადა ოლეგ იაძემ.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 620 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა