Main » Files » My files

ყოფილი გამგებლის ნათესავები თანამდებობებს საკუთარი ნებით არ ტოვებენ
2012-12-03, 10:39 PM

კასპის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მიხეილ ბექაური, რომელიც ყოფილი გამგებლის კახა ხაჩირაშვილის ნათესავია, თანამდებობას საკუთარი სურვილით არ ტოვებს. ამის შესახებ ბექაურმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს განუცხადა. მისი თქმით, კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ სამსახურის უფროსებს, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადებების დაწერა მოსთხოვა. ოლეგ იაძის თქმით, სამსახურის უფროსებს სხვა თანამდებობას სთავაზობს.

,,მე ჩემი ნებით განცხადებას არ დავწერ. ჩაგვიტარა თათბირი და გვითხრა, რომ ჩვენი ნებით დაგვეტოვებინა სამსახურები. მე განვუცხადე, რომ ჩემი ნებით არ წავიდოდი. თუ ჩემი გაშვება უნდა, დაწეროს ბრძანება და ისე გამათავისუფლოს” – ამბობს მიხეილ ბექაური.

ჩვენს კითხვაზე, მისი გათავისუფლება კასპის ყოფილი გამგებლის კახა ხაჩირაშვილის ნათესაობის გამო ხომ არ ხდება, ბექაური პასუხობს, რომ ეს ხაჩირაშვილს არ უკავშირდება.

,,ხაჩირაშვილი აქ არაფერ შუაშია. მე მანამდეც და შემდეგ სხვადასხვა სამსახურებში ვმუშაობდი. მათ შორის მანდატურად.” – განმარტა ბექაურმა.

კიდევ ერთი სამსახურის უფროსი, გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო ჯინიყაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გათავისუფლებებზე არ არის საუბარი. ,,აქ მხოლოდ ცვლილებებზეა საუბარი. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ საუბარია სხვა სამსახურში გადაყვანაზე. ჯერ-ჯერობით განცხადებები არავის დაგვიწერია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას” – ამბობს ნინო ჯინიყაშვილი.

კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე, რომელიც თანამდებობაზე 2012 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა, ამბობს, რომ 7 სამსახურიდან 4 სამსახურის უფროსი გაათავისუფლა, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ კვლაფიკაციას სხვა სამსახურში გამოიყენებს.

,,მე მათ ვთავაზობ, არა თუ საერთოდ გათავისუფლებას, არამედ სხვა სამსახურში გადაყვანას. ეს ხდება იურისტთან შეთანხმებით და კანონის სრული დაცვით. თქვენ იცით, რომ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში დაჭერებით და მოკვლითაც გვემუქრებოდნენ. ჩვენ ისე არ მოვექცევით მათ, როგორც ნაციონალები უკეთებდნენ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ასეთივე საკადრო ცვლილებებს ვახორციელებ სოფლის რწმუნებულების მიმართ. სოფლის გამგებლებად დაინიშნებიან ,,ქართული ოცნების” ღირსეული კანდიდატები, ხოლო მათ მოადგილეებად, ვინც პატიოსნები არაინ, სპეციალისტებად გადაიყვანენ.” – განმარტავს ოლეგ იაძე. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ საკუთარ გუნდში გულისწყრობას ძველი კადრების დატოვება იწვევს: ,,სხვა გზა არ გვაქვს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათ ჩვენიანებად და იმათიანებად ვერ დავყოფ” – დასძინა იაძემ.

ამჟამად სიტუაცია ასე გამოიყურება: სოციალური სამსახურის უფროსად ტარიელ ბეგლარაშვილი დაინიშნა, რომელმაც კასპის ყოფილი გამგებლის კახა ხაჩირაშვილის ბიძის მეუღლე თეო კოტიაშვილი შეცვალა.

ზედამხვედლეობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, გია იაშვილის ნაცვლად, თამაზ ხარატიშვილი დაინიშნება. ზემოთ ნახსენებ მიხეილ ბექაურს თეა ხორბალაძე შეცვლის, ხოლო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო ჯინიყაშვილის ნაცვლად თეა გულიკაშვილი დაინიშნება. სამსახურიდან სახანძრო სამსახურის უფროსიც გაუშვეს, რომლის შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა.

ცვლილებებია მოსალოდნელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. ამ სამსახურის ხელმძღვანელად ინფო9-ს ჟურნალისტი ქეთი წურწუმია მოიაზრება.

ოლეგ იაძემ ორი ახალი მოადგილე უკვე დაინიშნა – ზაზა მოსიაშვილი და დალი დავითაშვილი. მესამე მოადგილედ კვლავ ძველი კადრი – მამუკა გაფრინდაშვილი დაიტოვა. ზაზა მოსიაშვილი კასპის საკრებულოს წევრი იყო, ოღონდ ,,დამოუკიდებელის” სტატუსით.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 786 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა