Main » Files » My files

სახალხო დამცველის ვიზიტი გორში (Photo)
2013-03-17, 4:40 PM

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გორში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მისი თქმით, უფლებადაცვითი საქმიანობის ეფექტურობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და თანამონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ის ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ან მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებს განიცდიდნენ და განიცდიან.

უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობს. მისი მეშვეობით ის პრიორიტეტები გახდება ცნობილი, რაც უახლოეს 3 წელიწადში სახალხო დამცველის აპარატი თავის სამუშაო გეგმაში მიზნად დაისახავს. განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას მიექცევა. სახალხო დამცველს სურს, რომ მისი რეგიონული ოფისი შიდა ქართლში ადამიანური და მატერიალური რესურსებით უფრო გაფართოვდეს და გაძლიერდეს.

ყურადღება იმ საკითხებს დაეთმო, რომელზეც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თავიანთ საქმიანობაში ხვდებიან. ადვოკატები, ქალთა უფლებებზე მომუშავე პირები, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები (მუნიციპალიტეტის და გამგეობის თანამშრომლები) სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ.

კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მცხოვრებმა დებმა – ნელი და ნინო მამასახლისებმა აღნიშნეს, რომ მათ რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული პოზიციების მქონე მოქალაქეებს დევნიან და აშინებენ. უჩა ნანუაშვილის თქმით, იმ ანგარიშში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ამზადებს, კასპში განვითარებულ პროცესები შესულია და დასკვნები მალე გახდება ცნობილი.

გორის დარბაზის წარმომადგენელმა თამაზ მაყაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების საკითხების შესწავლა ჭიანურდება. მან აქცენტი განათლების სამინისტროსთან შექმნილ სპეციალური კომისიის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული კომისია სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების და ლექტორ-მასწავლებლების საკითხებს სწავლობს. სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფო ბენაშვილის თქმით, აღნიშნულ კომისიას მუშაობა იმ მიზეზით გაეწელა, რომ მათთან უამრავი განცხადებაა შესული.

ბოლო დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომლების გათავისუფლების (ან პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნის) ფაქტებზეც ისაუბრეს. მართალია, დადებითად შეაფასებს დაბალი რანგის მოხელეების მიერ ჩადენილი ან გადაცდომილი ქმედებების პატიების შესახებ ამნისტიის მიღება, მაგრამ იქვე სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ამნისტია, შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას დანაშაულის ჩადენის ცდუნებისკენ უბიძგოს.

დღის ბოლოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები გორში არსებულ დემოკრატიულ სკოლას ესტუმრნენ. ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ ამ სკოლაში შედგა.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 705 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა