Main » Files » My files

შესაძლებელია თუ არა ,,კოჰაბიტაცია” კასპის თვითმმართველობაში
2012-12-30, 10:41 PM
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლოს სხდომაზე, 28 დეკემბერს, სხდომის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა. საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომების შეგნებულად ჩაშლას ახორციელებენ, რადგან რაიონში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას.

ადგილობრივ თვითმმართველობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი, კავთისხევის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა კახურაშვილი და აპარატის სხვა წარმომადგენლები მესროფაშვილის მანქანით (ბიუჯეტის კუთვნილი ქონებით) პრეზიდენტის და ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე წავიდნენ. ეს ის წევრები არიან, რომლებმაც ერთი თვის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია მიატოვეს და ახალი ფრაქცია ,,დამოუკიდებელი – მაჟორიტარები” ჩამოაყალიბეს. ხათუნა თათანაშვილის თქმით, სააკაშვილთან წასვლით დადასტურდა ის, რომ ეს ფრაქცია არის ფსევდო ,,ნაციონალური” ფრაქცია.

ეს ნაბიჯი იმის დემონსტრირებაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მერსოფაშვილი და მისი გუნდის წევრები კრიზის პოტენციური შემქნელები არიან – მიაჩნია თათანაშვილს. მან თავმჯდომარეს მოსთხოვა იმის აღიარება, რომ ყრილობაზე წასვლა, მით უმეტეს, სამსახურებრივი მანქანით და სხვა ხარჯებით, იყო შეცდომა.

ამ შეკითხვაზე მესროფაშვილის პასუხი იყო მხოლოდ გაცინება და სამუშაო მაგიდის მიტოვება.

28 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატები დათქმულ დროს არ გამოცხადდნენ. თათანაშვილის პროტესტის შემდეგ, რამდენიმე ხანში, დეპუტატებმა სხდომაზე გამოცხადება დაიწყეს. ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძეც მივიდა.

,,საკრებულოს სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვორუმის არ არსებობის გამო, სხდომა დაიწყო დაგვიანებით. ჩემი აზრით, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ მართავს საკრებულოს ან სჩადის პოლიტიკურ დანაშაულს და ცდილობს საკრებულოს სხდომების ჩაშლით რაიონში შექმნას პოლიტიკური კრიზისი. ფაქტიურად, მისი ქმედებით რაიონში ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა” – ამბობს ხათუნა თათანაშვილი.

რაიონის გამგეობას ქართული ოცნების წარმომადგენელი ოლეგ იაძე მართავს. ის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აირჩიეს. ოლეგ იაძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული საკრებულოს შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გადაყენება.

,,მიუხედავად ამ საშიშროებისა, ,,ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ნათესავები არიან, რამდენიმე მათგანი ჩემი ნათლულიცაა და მგონია, რომ ისინი ამ ნაბიჯზე არ წავლენ” – განაცხადა იაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ამბობს, რომ მისი ადგილი ხათუნა თათანაშვილს სურს. მან პირდაპირ განუცხადა თათანაშვილს, რომ ის თავმჯდომარე ვერასოდეს გახდება: ,,შენ ხათუნა, თავმჯდომარე ვერ გახდები, ეს იცოდეს მთელმა კოალიციამ და რესპუბლიკელებმა რა” – განუცხადა სხდომაზე მესროფაშვილმა.
Category: My files | Added by: premiertv
Views: 670 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა