Main » Files » My files

შიდა ქართლში გამგებლობის მსურველების უფლებები დაირღვა
2012-11-26, 11:16 PM
კასპის საკრებულოში გენდერული ბალანსი დაარღვიეს. მუნიციპალიტეტის  ბიურომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი  მანდილოსნების - ჟუჟუნა წერეთლის და ნინო მძინარიშვილის კანდიდატურები დღის წესრიგიდან იმ მოტივით მოხსნა, რომ ისინი თურმე კასპელები არ ყოფილან და არ იცნობდნენ კასპის რაიონს. თუმცა, მეორე დღეს გამგებლად აირჩიეს კახა ხაჩირაშვილი რომელიც ასევე  არ არის ძირძველი კასპელი და არც მას ჰქონია რაიმე სამსახურებრივი შეხება კასპის რაიონთან.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა გივი მელაძემ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აღნიშნა, რომ მან მთელი საკრებულოს და მისი ბიუროს წევრების პოზიცია გაახმიანა: ,,არც ჟუჟუნა წერეთელს და არც ნინო მძინარიშვილს არანაირი შეხება არა აქვთ კასპთან და არც მის საკრებულოსთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის არ გაგვეწია რეკომენდაცია გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად. " - აცხადებს გივი მელაძე.

აპარატის უფროსი გივი მელაძე ამჟამინდელ გამგებელს ,,იცნობს" როგორც ძირძველ კასპელს, მაგრამ როგორც თავად გამგებელი კახა ხაჩირაშვილი ამბობს,  მას კასპელი მხოლოდ დედა ჰყავს, სხვა მხრივ კასპთან მას შეხება არ ჰქონია.

საკრებულოს სხდომაზე იგივე გაიმეორა საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ხუციშვილმა, თუმცა ცალკე ინტერვიუში ამ თემაზე ხმამაღლა აღარ ისაუბრა.

,,ამ ორი ქალბატონის განცხადებების განუხილველობის ძირითადი მოტივი  ის იყო, რომ მათ თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ" - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ხუციშვილმა.

თავის მხრივ არც უკვე მოქმედი გამგებელი კახა ხაჩირაშვილია ძირძველი კასპელი. მისი არჩევის დღეს სოფელ გომის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ ფეტვიაშვილმა პროტესტი გამოთქვა, კასპში ვერ მოვძებნეთ ისეთი პიროვნება, რომელსაც გამგებლად ავირჩევდითო? ამაზე საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატებმა ისეთი ამბავი  ატეხეს, ფეტვიაშვილი ,,ფეტვივით" დაიბნა და ხმა ვეღარ ამოიღო. სხდომა მას შემდეგ შეწყდა, სანამ თვითონ ხაჩირაშვილი არ გამოჩნდა. მან ყველას გასაგონად თქვა, რომ კასპი მისი დედულეთია.

ხაჩირაშვილი 2007 წლამდე გურიის გუბერნატორის ალეკო ცინცაძის მოადგილე იყო. ცინცაძის გათავისუფლების შემდეგ, რომელმაც კარიერა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააგრძელა, ხაჩირაშვილიც თან წაიყვანა. თუკი ცინცაძე გურიაში დარჩებოდა, ხაჩირაშვილს ოზურგეთის გამგებლობას უპირებდნენ - განუცხადეს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" გურიის ჟურნალისტებმა.

ჟუჟუნა წერეთელი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2004-2005 წლებში იგი გორის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი იყო. მაშინ იგი ხმაურის ფონზე გაათავისუფლეს. ჟუჟუნა წერეთელი აცხადებდა, რომ მისი მთავარი მტერი მაშინდელი მხარის გუბერნატორი მიხეილ ქარელი იყო, რომლის ინტერესში შედიოდა სასწრაფო დახმარების ცენტრიდან მისი გათავისუფლა.

,,როდესაც მეუბნებიან, რომ არა მაქვს გამოცდილება თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობისა და არ მაქვს მენეჯერული ცოდნა, ეს აბსურდია. უამრავი სერთიფიკატი და მადლობები მაქვს გამოცხადებული. ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთებული მოტივების გარეშე მოიხსნა ჩვენი კანდიდატურები" - ამბობს ჟუჟუნა წერეთელი.

ნინო მძინარიშვილი წლების განმავლობაში ,,მერსი ქორფსის" ორგანიზაციაში მუშაობდა. სწორედ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გორის გამგეობამ არაერთი პროექტი განახორციელა სოფლებში. საქმე ეხება წყალგაყვანილობის თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციების პროექტებს. თუმცა კასპის მუნიციპალიტეტმა არც ეს მოტივები გაითვალისწინა.


იგივე პროცესები განვითარდა მომდევნო დღეს გორის საკრებულოში. აქაც ბიურომ  საკრებულოს ერთპიროვნული კანდიდატურა წარუდგინა. ეს არის რამაზ ჩოჩიშვილი, რომელიც გამგებლად აირჩიეს.

,,რესპუბლიკელ"  შალვა ტლაშაძეს აინტერესებს, თუ რა გამოცდილება აქვს რამაზ ჩოჩიშვილს თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილეობისა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის თხოვნით, რამაზ ჩოჩიშვილის ბიოგრაფია წაიკითხეს. როგორც გაირკვა, რამაზ ჩოჩიშვილი სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში იმ დარგს კურირებდა, რომელსაც თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ევალებოდა.

გორის გამგებლის სურვილი კონტროლის პალატის შიდა ქართლისა და მცხეთის განყოფილების უფროსს ზაზა ედიშერაშვილს სურდა. თუმცა ბოლო მომენტში მან განცხადება თავისი ნებით წაიღო უკან. ეს ის ზაზა ედიშერაშვილია, რომელმაც კონტროლის პალატაში მუშაობისას 2006 წელს გორის რაიონის გამგეობის ფინანსური რევიზიის დასკვნა დადო. ამ დასკვნაში ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტზე უამრავი ფაქტია აღნიშნული.

კასპის საკრებულოს სხდომას კასპელმა ,,რესპულიკელმა"  ხათუნა თათანაშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა და არ დაესწრო. ,,მაგ კაცს 4 თვეა აქეთ-იქით ათრევენ და ბოლოს გამოუძებნეს ადგილი" - აღნიშნა თათანაშვილმა კახა ხაჩირაშვილთან დაკავშირებით. გორის საკრებულოს რესპულიკელმა დეპუტატმა დავით რაზმაძემ კი ხმის მიცემაზე და კომენტარზე თავი ერთდოულად შეიკავა.
წყარო http://www.humanrights.ge
Category: My files | Added by: premiertv
Views: 599 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა