Main » Files » My files

ციხეში ბაგაევის სიკვდილის შემსწრე
2012-11-21, 10:06 PM



კასპის რაიონის სოფელ რენეში მცხოვრები, ,,სახალხო კრების” წევრი გიორგი ქასოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის, ამჟამად, სახლში იმყოფება და ფიზიკური გადაადგილება უჭირს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. როგორც გიორგი ქასოშვილი ყვება, გეგუთის ციხეში ყოფნის, სხვა პატიმრებთან ერთად, ღამე ტანსაცმლის გარეშე სიცივეში დააყენეს. ბუნტის დროს (2010 წლის 28 თებერვალს) მსოფლიო ჩემპიონი ბორის ბაგაევიც დაიღუპა. მისი თქმით, ბაგაევი პრეზიდენტ სააკაშვილის დედის დაცვის წევრი იყო.

,,რაც შეეხება ჩემს დაკავებას, დამიბარა კასპის პოლიციის უფროსმა მალხაზ ბარნოვმა. როგორც ხდებოდა, კაბინეტში გინებით, დამუქრებით მითხრეს, რომ თავი უნდა დამენებინებინა პოლიტიკური მოძრაობისთვის და დამაპატიმრებდნენ. ნათესავები მყავს ოსების მხარეს და ცოლ-შვილთან ერთად იქ ვაპირებდი წასვლას. ამოვუღე პასპორტი ბარნოვს და ვუთხარი, აი ჩემი პასპორტი და მივდივარ საქართველოდან-მეთქი.” – იხსენებს გიორგი ქასოშვილი.

გიორგი ქასოშვილი რამდენიმე საათში დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ხელყუმბარა და ტყვიის ლულები აბანოს ოთახში აღმოუჩინეს. ქასოშვილი ამბობს, რომ ტყვია-წამალს აბანოს ოთახში არავინ ინახავს. ის ასევე იხსენებს, რომ ცელოფანში გახვეული ხელყუმბარა პოლიციის თანამშრომლებმა ბარნოვის კაბინეტში აუტანეს და იქ ანახვეს პირველად..

როგორც ირკვევა, ქასოშვილს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში დასდეს ბრალი. მას 3 წელიწადნახევარი მიუსაჯეს. ადვოკატად ნოდარ ცინცაძე აიყვანა, რომელიც ამჟამად კასპის საკრებულოს დეპუტატია ნაციონალური მოძრაობის სიით. ნოდარ ცინცაძე, წლების წინ, კასპის და გორის პორკურატურის პროკურორიც იყო.

,,ხვლიკმა (მალხაზ ბარნოვმა) მითხრა, აღიარე ეს ფაქტი და სულ მალე საპროცესო შეთანხმებით გაგვიშვებთო. ადვოკატად ამაყვანინა ნოდარ ცინცაძე, მაგის მეგობარია თუ კლასელია. გარდა ამისა, ნოდარ ცინცაძე ჩვენი ოჯახის ახლობელიც იყო. მამამისი და მამაჩემი მეგობრები იყვნენ. ცინცაძემ და ხვლიკმა მაღიარებინეს დანაშაული და 3 წელნახევარი მომისაჯეს. მერე ვურეკავდი ცინცაძეს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების დროს და მეუბნებოდა, მე შენი ადვოკატი აღარ ვარო. სხვათა შორის, როცა მოდიოდა ციხეში ჩემს სანახავად, 200 ლარს გვართმევდა ერთ ჩამოსვლაზე. კასპიდან გლდანში ჩამოსვლისთვის მას 200 ლარი ეხარჯებოდა” – ამბობს ქასოშვილი.

ყოფილი პატიმარი ციხეში გატარებულ წლებს იხსენებს. ,,ჩემს შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ გლდანიდან ქსანში გადავეყვანე, გამიშვეს გეგუთში, საიდანაც ნახევარზე მეტი ცემისგან დაინვალიდებული უკან დააბრუნეს. ჩემს დაბადების დღეზე 2010 წლის 28 თებერვალს გაგვიყვანეს გარეთ, ღამის 12 საათაზე სიცივეში დაგვაყენეს. ბუნტის დროს 1200 კაციანი სპეცნაზი შემოიყვანეს და დაუმტვრიეს ფეხები ხალხს ცემისგან. საშინელები ხდებოდა” – გვეუბნება გიორგი ქასოშვილი.

გიორგი ქასოშვილის და, ხათუნა ქასოშვილი ამბობს, რომ ამჟამად მის ძმას ძილის დროს კოშმარები ესიზმრება. ,,გარდა იმისა, რომ ფიზიკურად დაინვალიდებულია, ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ღამე რაღაცეები ესიზმრება. გააუბედურეს ციხეში, ფეხზე ვეღარ დგება” – გვითხრა მან, რომელიც რენეს არასრული საჯარო სკოლის პედაგოგია.

გიორგი ქასოშვილის დედა მაყვალა ქასოშვილი ამბობს, რომ მის შვილს კბილებიც აღარ აქვს. ,,მე ვერ აღგიწერთ, რა საშინელებები გადაიტანა. როდესაც ციხეში ჩავდიოდით, სიმწრით ვერაფერს გვეუბნებოდა, ოფლი სდიოდა ხოლმე და იმდენად წნეხის ქვეშ იყო, საკუთარი მდგომარეობის შესახებ, ვერაფერს გვეუბნებოდა. ჩვენ კი ყველაფერს ვხვდებოდით.” – ამბობს მაყვალა ქასოშვილი.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 689 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა